მოგესალმებით. გმადლობთ ჩემს ბლოგზე შემოსვლისათვის. შეგახსენებთ, რომ ბლოგზე დადებულია მთელი სასკოლო ფიზიკის მასალა და ამიტომ ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ახლახანს დადებულ პოსტებს, არამედ ძველებსაც.
ასევე პოსტის კითხვისას გაითვალისწინეთ, რომ თუ რაიმე სიდიდეს ფრჩხილებში უწერია 2 ან რაიმე სხვა რიცხვი, ეს იმას ნიშნავს, რომ აღებულია ამ სიდიდის კვადრატი, ან კუბი, ან მეოთხე ხარისხი და ა.შ. მაგალითად V(2) იგივეა, რაც V აყვანილი კვადრატში. გისურვებთ წარმატებებს!!!

ბლოგის შემქმნელი და მმართველი
გიორგი კობაიძე

Tuesday, November 23, 2010

საკითხი 2. ტრაექტორია, გზა, გადაადგილება




 წირს, რომლის გასწვრივ მოძრაობს სხეული, მოძრაობის ტრაექტორია ეწოდება
მაგალითად, მატარებლის მოძრაობის ტრაექტორია არის რკინიგზის ხაზი, ავტომანქანისა-ავტოტრასა და სხვ.  

ტრაექტორიის მიხედვით სხეულის მოძრაობა შეიძლება იყოს წრფივი და მრუდწირული. მრუდწირული მოძრაობის კერძო სახეებია: სხეულის მოძრაობა წრეწირზე, ჰორიზონტალურად და ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილი სხეულის მოძრაობა და სხვა.
 ერთი და იმავე სხეულის მოძრაობის ტრაექტორია სხვადასხვა ათვლის სისტემის მიმართ შეიძლება იყოს როგორც წრფე, ასევე მრუდი წირი. მაგალითად, წრფივად და თანაბრად მოძრავი ვაგონის ფანჯრიდან ვარდნილი სხეულის ტრაექტორია ვაგონთან დაკავშირებული სისტემის მიმართ წარმოადგენს წრფეს, ხოლო დედამიწასთან დაკავშირებულ ათვლის სისტემაში კი-მრუდ წირს.
 როდესაც ცნობილია სხეულის მოძრაობის ტრაექტორია, მისი საწყისი მდებარეობა და გავლილი გზა, ანუ ტრაექტორიის მონაკვეთის L სიგრძე, რომელსაც გადის სხეული დროის ათვლის საწყისი მომენტიდან, მაშინ სხეულის მდებარეობა აღებულ მომენტში აბსოლუტურად განსაზღვრულია. მაგრამ, თუ ტრაექტორია (მისი სახე) არ არის მოცემული, მაშინ L გზის სიგრძისა და საწყისი მდებარეობის მოცემით შეუძლებელია სხეული მდებარეობის განსაზღვრა დროის მოცემული მომენტისათვის, რადგან სხეულის მიერ გავლილი L გზის სიგრძე მოძრაობის დაწყების მომენტის შესაბამისი M წერტილიდან შეიძლება გადაზომილ იქნეს ნებისმიერი (MA, MB, MC და ა.შ.) მიმართულებით (ნახ. 4). ასეთ სიტუაციაში შეუძლებელია მექანიკის ძირითადი ამოცანის გადაწყვეტა. როდესაც ტრაექტორიის სახე არ არის ცნობილი, წერტილის მდებარეობის განსასაზღვრავად დროის მოცემული მომენტისათვის საჭიროა ვიცოდეთ სხეულის მდებარეობის განმსაზღვრელი ახალი სიდიდე, რომელსაც გადაადგილება ეწოდება.
 სხეულის (წერტილის) გადაადგილება არის წრფის მიმართული მონაკვეთი-ვექტორი, რომელიც აერთებს სხეულის საწყის მდებარეობას მის საბოლოო მდებარეობასთან. განვიხილოთ მე-3 ნახაზი. მოცემული გვაქვს თოფი, საიდანაც ვარდება ტყვია. ლურჯი ხაზით აღნიშნულია ტყვიის ტრაექტორია, იგივე განვლილი მანძილი, ხოლო წითელი ხაზით-გადაადგილება. მართლაც წითელი ხაზი არის წრფის მიმართული მონაკვეთი, რომელიც აერთებს ტყვიის გამოვარდნის და დაცემის ადგილებს. P.S. როგორც ჩანს, სნაიპერი ახალბედა იყო და მიზანს ვერ მოარტყა თორემ ტრაექტორია რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, როგორი :D .


თეორიული ამოცანები:


1. რა შემთხვევაშია განვლილი მანძილი გადააგდილებაზე მეტი, რა შემთხვევაშია ტოლი? შეიძლება ნაკლები იყოს? თუ შეიძლება, რა შემთხვევაში?


2. მოიყვანეთ მაგალითი (ერთი ან მეტი), როცა სხეული მოძრაობს იდეალურად წრფივ ტრაექტორიაზე.


3. გარდაქმენით ანდაზა ფიზიკის ენაზე: ”შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო” :D


4.  როგორ ტრაექტორიაზე მოძრაობენ საათის ისრების წერტილები?


5. ავტომობილის რომელი ნაწილის მრუდწირული მოძრაობითაა განპირობებული ავტომობილის წრფივი მოძრაობა? 


სულ ეს იყო. მგონი მარტივია არა? ამოცანებიც არაა რთული 1 წუთიც არ უნდა პასუხის გაცემას. აბა მომავალ შეხვედრამდე. შემდეგ პოსტსაც მალე დავდებ, მანამდე კი ეს ყველაფერი კარგად აითვისე და წითლად დაწერილები ისწავლე ზეპირად. 

9 comments:

  1. ეს საიტი არის საინტერესო და კარგი

    ReplyDelete
  2. ძალიან გამომადგა თქვენი საიტი და ეს სტატია ალიან მომეწონა და დიდი მადლობა ასეთი საიტის შექმნისთვის :D <3 <3

    ReplyDelete
  3. მაგარია ძაააააააააააააააან

    ReplyDelete
  4. ძალიან კარგი საიტია

    ReplyDelete
  5. მე-5 კლასის ბუნებაში ტრაექტორიის შესახებ ინფორმაციის ძიებამ აღმომაჩენინა ეს გვერდი.კარგი ნამუშევარია. დილეტანტიც კი მიხვდება ისე მარტივადაა მოცემული მასალა.

    ReplyDelete
  6. თქვნ საიტზე ძაან ბევრ რამეს ვსწავლიბ

    ReplyDelete