მოგესალმებით. გმადლობთ ჩემს ბლოგზე შემოსვლისათვის. შეგახსენებთ, რომ ბლოგზე დადებულია მთელი სასკოლო ფიზიკის მასალა და ამიტომ ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ახლახანს დადებულ პოსტებს, არამედ ძველებსაც.
ასევე პოსტის კითხვისას გაითვალისწინეთ, რომ თუ რაიმე სიდიდეს ფრჩხილებში უწერია 2 ან რაიმე სხვა რიცხვი, ეს იმას ნიშნავს, რომ აღებულია ამ სიდიდის კვადრატი, ან კუბი, ან მეოთხე ხარისხი და ა.შ. მაგალითად V(2) იგივეა, რაც V აყვანილი კვადრატში. გისურვებთ წარმატებებს!!!

ბლოგის შემქმნელი და მმართველი
გიორგი კობაიძე

Saturday, April 23, 2011

ელექტროსტატიკა: ელექტრული მუხტი და ელემენტარული ნაწილაკები

სიტყვები: ”ელექტრობა”, ”ელექტრული მუხტი”, ელექტრული დენი” ხშირად მოგვისმენია და მიჩვეულიც ვართ მათ ხმარებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ აბა სინჯეთ, უპასუხოთ კითხვას: რა არის ელექტრული მუხტი. ამ კითხვაზე თუ გაიჭედებით, პანიკაში ნუ ჩავარდებით და თავი სრულიად უვიცი ნუ გეგონებათ, რადგან ელექტრული მუხტი არის ძირითადი, პირველადი ცნება, რომელიც არ დაიყვანება უფრო მარტივ, ელემენტარულ ცნებაზე.
 ვიცით, რომ ყველა სხეული აგებულია ისეთი უმცირესი ნაწილაკებისაგან, რომლებიც აღარ იყოფა უფრო მარტივ ნაწილაკებად. მათ ელემენტარული ნაწილაკები ეწოდება. ყველა ელემენტარულ ნაწილაკს აქვს მასა და ამიტომ მსოფლიო მიზიდულობის კანონის თანახმად, ერთმანეთს იზიდავენ ძალით, რომელიც უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატისა.
 ელემენტარულ ნაწილაკთა უმრავლესობას, გარდა ამისა ახასიათებს ურთიერთქმედება ისეთი ძალით, რომელიც აგრეთვე მანძილის კვადრატის უკუპროპორციულად მცირდება, მაგრამ ეს ძალა გაცილებით დიდია გრავიტაციულ ძალაზე. მაგალითისთვის: წყალბადის ატომში პროტონი (ბირთვი) ელექტრონს იზიდავს ძალით, რომელიც 10(39)-ჯერ აღემატება გრავიტაციულ მიზიდულობის ძალას. (შეგახსენებთ, რომ 10(39) იგივეა, რაც 10 ხარისხად 39).
 თუ ნაწილაკებს ახასიათებს ურთიერთქმედების ასეთი უნარი, მაშინ ამბობენ, რომ მათ აქვთ ელექტრული მუხტი, თვით ნაწილაკებს დამუხტული ნაწილაკები ეწოდება. მაშ ასე: არსებობს ნაწილაკი უმუხტოდ, მაგრამ არ არსებობს ელექტრული მუხტი უნაწილაკოდ.
 დამუხტულ ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედებას ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება ეწოდება. ელექტრული მუხტი განსაზღვრავს ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების ინტენსიურობას, მსგავსად იმისა, როგორც მასა განსაზღვრავს გრავიტაციული ურთიერთქმედების ინტენსიურობას.

 ელექტრული მუხტების ორი ნიშანი: ყველა სხეულს აქვს მასა, ამიტომ ისინი ერთმანეთს იზიდავენ. დამუხტულ სხეულებს კი შეუძლიათ ერთმანეთის როგორც მიზიდვა, ისე განზიდვა. ეს ფაქტი კი ნიშნავს, რომ ბუნებაში არსებობს საპირისპირო ნიშნით დამუხტული ნაწილაკები. თუ მუხტის ნიშნები საპირისპიროა, ნაწილაკები მიიზიდებიან, ხოლო თუ ერთნაირია-განიზიდებიან.

ყველა ატომის ბირთვში შემავალი ელექტრონული ნაწილაკების-პროტონების მუხტს დადებითად თვლიან, ელექტრონების მუხტს კი-უარყოფითად. დადებითსა და უარყოფით მუხტებს შორის არ არის არავითარი შინაგანი განსხვავება. ნაწილაკთა მუხტების ნიშნებმა ერთმანეთი რომ შეცვალონ, ამით ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებათა ხასიათი ოდნავადაც არ შეიცვლება.


გარდა ელექტრონებისა და პროტონებისა, არის კიდევ დამუხტული ელემენტარული ნაწილაკების რამდენიმე ტიპი. მაგრამ განუსაზღვრელად დიდხანს მხოლოდ ელექტრონებსა და პროტონებს შეუძლიათ არსებობა თავისუფალ მდგომარეობაში. სხვა დამუხტული ნაწილაკები კი წამის მემილიონედ ნაწილზე უფრო მცორე ხანს ცოცხლობენ. ისინი წარმოიშობიან სწრაფი ელემენტარული ნაწილაკების ურთიერთშეხლისას და უსაზღვროდ ხანმოკლე არსებობის შემდეგ დაიშლებიან, გადაიქცევიან სხვა ნაწილაკებად. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია, მათი მუხტები უგულებელვყოთ.


უმუხტო ნაწილაკებს მიეკუთვნება ნეიტრონი. მისი მასა უმნიშვნელო სიდიდით აღემატება პროტონის მასას. პროტონებთან ერთად ნეიტრონები შედიან ატომის ბირთვის შედგენილობაში.

არსებობს მინიმალური მუხტი, რომელიც ყველა დამუხტულ ელემენტარულ ნაწილაკს აქვს. მას ელემენტარული მუხტი ეწოდება.

ელემენტარულ ნაწილაკთა მუხტები მხოლოდ ნიშნით განსხვავდებიან. შეუძლებელია, მოვაცილოთ ნაწილაკს, მაგალითად მუხტის ნაწილი.


ეს იყო ელექტრობის შესავალი. სანამ ფორმულების შესწავლას დაიწყებთ, აუცილებელია ეს ყველაფერი იცოდეთ კარგად და რაც მთავარია, უნდა ჩაწვდეთ შინაარსს!

1 comment:

  1. mogaxsenebt rom me var me 10 klaseli da ver vswavlob fizikas kargad da minda administracias mivmarto rom iqneb rame mirchiot fizikis shesaswavlad arada fizikaze vgijdebi magrram ver vswavlob gtxovt ramit damexmarot :))

    ReplyDelete