მოგესალმებით. გმადლობთ ჩემს ბლოგზე შემოსვლისათვის. შეგახსენებთ, რომ ბლოგზე დადებულია მთელი სასკოლო ფიზიკის მასალა და ამიტომ ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ახლახანს დადებულ პოსტებს, არამედ ძველებსაც.
ასევე პოსტის კითხვისას გაითვალისწინეთ, რომ თუ რაიმე სიდიდეს ფრჩხილებში უწერია 2 ან რაიმე სხვა რიცხვი, ეს იმას ნიშნავს, რომ აღებულია ამ სიდიდის კვადრატი, ან კუბი, ან მეოთხე ხარისხი და ა.შ. მაგალითად V(2) იგივეა, რაც V აყვანილი კვადრატში. გისურვებთ წარმატებებს!!!

ბლოგის შემქმნელი და მმართველი
გიორგი კობაიძე

Friday, April 29, 2011

ელექტრული ველი

გადამწყვეტი შემობრუნება ახლოქმედების წარმოდგენებისაკენ დაიწყო დიდმა ინგლისელმა მეცნიერმა მაიკლ ფარადეიმ, საბოლოოდ კი დაასრულა მაქსველმა.

ფარადეის იდეის თანახმად, ელექტრული მუხტები უშუალოდ არ მოქმედებენ ერთმანეთზე. თითოეული მათგანი გარემომცველ სივრცეში ქმნის ელექტრულ ველს. ერთი მუხტის ველი მოქმედებს მეორეზე და პირიქით. მუხტიდან დაშორების მიხედვით, ველი სუსტდება, შესაბამისად სუსტდება ურთიერთქმედების ძალა.

მაიკლ ფარადეი (1791-1867) დიდი ინგლისელი მეცნიერია. მან შექმნა ელექტრომაგნიტური მოვლენების ზოგადი თეორია, რომლის მიხედვითაც ყველა ეს მოვლენა ერთიანი თვალსაზრისით განიხილება. ფარადეიმ  პირველმა შეიმუშავა წარმოდგენა ელექტრული და მაგნიტური ველების შესახებ, ”სადაც მათემატიკოსები მანძილზე მოქმედ ძალთა ძაბვის ცენტრებს ხედავდნენ, ფარადეიმ შუალედური ”აგენტი” დაინახა, სადაც ისინი არაფერს ხედავდნენ, გარდა მანძილისა და კმაყოფილდებოდნენ იმით, რომ პოულობდნენ მუხტებზე  მოქმედ ძალთა განაწილების კანონს, ფარადეი ეძებდა გარემოში მიმდინარე მოვლენების არსს” (ჯ. მაქსველი).



მიუხედავად იმისა, რომ მაიკლ ფარადეის იდეა საკმაოდ ჭკვიანური და ამავე დროს საფუძვლიანი იყო, მან ვერ შეძლო ამის დამტკიცება. ამას ვერც დაამტკიცებდა, რადგან იგი მხოლოდ უძრავ მუხტებს იკვლევდა. წარმატება ახლოქმედების თეორიაში მოჰყვა მოძრავი მუხტების ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებათა შესწავლას.

მთავარი, რაც ახლოქმედების თეორიას ასხვავებს მანძილზე ქმედეის თეორიასთან, შემდეგია: ურთიერთქმედ სხეულებს შორის სივრცეში არსებობს განსაზღვრული პროცესი, რომელიც სასრულ დროში მომდინარეობს.

რა არის ელექტრული ველი?
ვიცით, რომ ელექტრული ველი რეალურად არსებობს. შეგვიძლია მისი თვისებები ცდით გამოვიკვლიოთ, მაგრამ არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რისგან შედგება ელექტრული ველი, რადგან ელექტრული ველის შესახებ მეცნიერებაში ჯერჯერობით მეტი არაფერია ცნობილი.

ელექტრული ველის ძირითადი თვისებაა, იმოქმედოს ელექტრულ მუხტებზე რაღაც ძალით.

უძრავი მუხტების ელექტრულ ველს ელექტროსტატიკური ველი ეწოდება.

1 comment:

  1. ელექტრუელი ველი არის მატერიის ერთ–ერთი სახე, რომელიც არსებობს ჩვენი მასზე ცოდნის დამოუკიდებლად.

    ReplyDelete