მოგესალმებით. გმადლობთ ჩემს ბლოგზე შემოსვლისათვის. შეგახსენებთ, რომ ბლოგზე დადებულია მთელი სასკოლო ფიზიკის მასალა და ამიტომ ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ახლახანს დადებულ პოსტებს, არამედ ძველებსაც.
ასევე პოსტის კითხვისას გაითვალისწინეთ, რომ თუ რაიმე სიდიდეს ფრჩხილებში უწერია 2 ან რაიმე სხვა რიცხვი, ეს იმას ნიშნავს, რომ აღებულია ამ სიდიდის კვადრატი, ან კუბი, ან მეოთხე ხარისხი და ა.შ. მაგალითად V(2) იგივეა, რაც V აყვანილი კვადრატში. გისურვებთ წარმატებებს!!!

ბლოგის შემქმნელი და მმართველი
გიორგი კობაიძე

Monday, April 25, 2011

ელექტრული მუხტის მუდმივობის კანონი

გადავიდეთ შედარებით სერიოზულ საკითხებზე.
ფირფიტების დაელექტროების ცდა გვიჩვენებს, რომ ხახუნით დაელექტროების დროს არსებული მუხტები გადანაწილდება სხეულებს შორის, რომლებიც საწყის მომენტში სრულიად ნეიტრალურია. დაელექტროების დროს ელექტრონთა მცირე ნაწილი ერთი სხეულიდან მეორეზე გადადის. ამ მომენტში ახალი დამუხტული ნაწილაკები არ წარმოიქმნება და არც ადრე არსებული ნაწილაკებიც ისპობა.

სხეულთა დაელექტროება ემორჩილება ელექტრული მუხტის მუდმივობის კანონს. ეს კანონი მართებულია ისეთი სისტემისთვის, რომელშიც გარემოდან არ შედიან და რომლიდანაც გარეთ არ გამოდიან დამუხტული ნაწილაკები. ასეთ სისტემას ჩაკეტილი სისტემა ეწოდება. ე.ი. ჩაკეტილი სისტემისთვის ელექტრული მუხტის მუდმივობის კანონი ჩამოყალიბდება შემდეგნაირად: ჩაკეტილ სისტემაში ყველა ნაწილაკის მუხტების ალგებრული ჯამი მუდმივი რჩება:

q1+q2+q3+...+qn=const

const აღნიშნავს მუდმივს (constant-მუდმივი; უცვლელი)

მუხტის მუდმივობის კანონს ღრმა აზრი აქვს. თუ დამუხტულ ნაწილაკთა რიცხვი არ იცვლება, მაშინ მუხტის მუდმივობის კანონის შესრულება საკმაოდ ნათელია. მაგრამ შესაძლოა მოხდეს ელემენტარულ ნაწილაკთა ურთიერთგარდაქმნა, წარმოქმნა ან მოსპობა და ამ დროს ახალი ნაწილაკების გაჩენა, მაგრამ ყველა შემთხვევაში დამუხტული ნაწილაკები წარმოიქმნება წყვილად, მოდულით ერთნაირი და ნიშნით საპირისპირო მუხტებით. დამუხტული ნაწილაკები ისპობა და ნეიტრალურ ნაწილაკებად იქცევა, მაგრამ ისევე წყვილად. ნებისმიერ შემთხვევაში იზოლირებული სისტემის მუხტების ჯამი ერთი და იგივე რჩება. იმედია ახლა მაინც მიხვდით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მუხტების მუდმივობის კანონს მთლიანად ელექტრობაში. მუხტის მუდმივობის კანონს ადასტურებს ელემენტარულ ნაწილაკთა უამრავი რაოდენობის გარდაქმნებზე დაკვირვებანი. ეს კანონი გამოხატავს ელექტრული მუხტის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ თვისებას. მუხტის მუდმივობის მიზეზი კი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აქამდე უცნობია.

No comments:

Post a Comment